ქრისტიანობის როლი საქართველოსთვის

„ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი" — წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

გადახვიეთ

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

IV საუკუნე — 326 წელი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც განსაზღვრა ქართული იდენტობა, კულტურა და პოლიტიკური განვითარება საუკუნეების განმავლობაში.

ეს პროცესი უკავშირდება IV საუკუნის პირველ ნახევარს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მეფე მირიან III-ისა და წმინდა ნინო კაბადოკიელის მოღვაწეობასთან.

ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში გავრცელდა ჯერ კიდევ I საუკუნეში მოციქულთა ქადაგებით, თუმცა ამ დროისთვის იგი არ იყო სახელმწიფო დონეზე აღიარებული.

მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ წარმართულ რწმენებს მისდევდა. გარდამტეხი ეტაპი სწორედ IV საუკუნეში დადგა, როდესაც ქრისტიანობა ოფიციალურად გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

მეფე მირიანის მოქცევა

წმინდა ნინოს ქადაგებამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა როგორც ხალხზე, ასევე მეფის ოჯახზე.

გადმოცემის მიხედვით, მეფე მირიანმა ნადირობისას გზა დაკარგა და დახმარება ქრისტიან ღმერთს სთხოვა, რის შემდეგაც სასწაულებრივად გადარჩა.

სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა მისი დამოკიდებულება და გახდა საფუძველი ქრისტიანობის მიღებისა.

პოლიტიკური მნიშვნელობა

326 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

საქართველო იმყოფებოდა რომისა და სპარსეთის გავლენის ქვეშ და ქრისტიანობის მიღებამ ქვეყანა დააახლოვა ბიზანტიურ სამყაროსთან.

კულტურული გავლენა

ამ მოვლენამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის, განათლებისა და დამწერლობის განვითარებას.

ეკლესია იქცა სულიერ და საგანმანათლებლო ცენტრად, რომელმაც ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებაში დიდი როლი ითამაშა.

ისტორიული მნიშვნელობა

საბოლოოდ, ქრისტიანობის მიღება საქართველოში უნდა შეფასდეს როგორც ისტორიული გარდატეხა, რომელმაც არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ კულტურული, პოლიტიკური და ეროვნული მნიშვნელობა შეიძინა.

ეს მოვლენა დღემდე რჩება ქართული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში.

ისტორიული Timeline

I საუკუნე
მოციქულთა ქადაგება

ქრისტიანობა საქართველოში პირველად გავრცელდა მოციქულთა ქადაგებით, თუმცა სახელმწიფო აღიარება ჯერ არ მოჰყოლია.

IV საუკუნის დასაწყისი
წმინდა ნინო კაბადოკიელი

წმინდა ნინო ჩამოდის საქართველოში და იწყებს ქადაგებას. მისი გავლენა მეფის კარს სწვდება.

326 წელი
მეფე მირიანის მოქცევა

მეფე მირიან III ნადირობისას სასწაულს განიცდის. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება.

IV–V საუკუნე
ეკლესიის მშენებლობა

სვეტიცხოვლის ტაძრის საფუძველი ეყრება. ეკლესია გახდება ქვეყნის სულიერი და კულტურული ცენტრი.

V საუკუნე
ქართული ანბანი

ქრისტიანობის გავრცელება ხელს უწყობს ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის განვითარებას.

დღემდე
ეროვნული იდენტობა

ქრისტიანობა კვლავ ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია — 17 საუკუნის შემდეგ.

როგორ ირჩევენ პატრიარქს?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არჩევის წესი

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს.

რადგან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიცოცხლეშივე დაადგინა მოსაყდრე — მიტროპოლიტი შიო მუჯირი — მისი მოსაყდრეობა გარდაცვალებისთანავე შედის ძალაში.

პატრიარქის არჩევის სქემა

ნაბიჯ-ნაბიჯ — გარდაცვალებიდან ინტრონიზაციამდე

ნაბიჯი 1
პატრიარქის გარდაცვალება
ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ხსნის ანდერძს. მოსაყდრე: მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ნაბიჯი 2
წმიდა სინოდის სხდომა
39 წევრს აქვს უფლება წარადგინოს ერთი კანდიდატი. კენჭისყრით 3 კანდიდატი გამოირჩევა.
39 ამომრჩეველი
📋
ნაბიჯი 3
გაფართოებული კრების მოწვევა
მოიწვევა 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა.
🗳
ნაბიჯი 4
კენჭისყრა
ხმის უფლება მხოლოდ 39 მღვდელმთავარს აქვს. საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.
20+ ხმა = პატრიარქი
👑
ნაბიჯი 5
ინტრონიზაცია სვეტიცხოველში
გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.

🔴 ვინ შეიძლება გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი?

  • ეროვნებით ქართველი
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი
  • საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო გამოცდილება
  • ასაკი: 40–70 წელი
  • უნდა იყოს ბერი
შეჯამება: წინ ორი კრებაა — წმიდა სინოდი სამი კანდიდატის გამოსარჩევად, და გაფართოებული კრება პატრიარქის საბოლოოდ ასარჩევად. გარდაცვალებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი ეყოლება.

სააღდგომო მიმართვა საქართველოს ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს

აღდგომა ქრისტესი · 2026 წელი

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს — ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

✝ ქრისტე აღდგა! ✝

დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა! აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა!

დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო — აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე:

„უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" — 1 კორ. 15,17

ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა:

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ" — მთ. 11,28

თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა — დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, განსაკუთრებით გვანუგეშებს:

„პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა" — ფს. 115,6

მისი უწმინდესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში. ბევრი ითქვა მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება — სიყვარული.

სწორედ ამ სიყვარულის ნაყოფია ის სასწაული, რაც გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ — მთელი საქართველო ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი ღირსეული მომავლისა.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას… ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა."

✨ ქრისტე აღდგა! ✨

თბილისი · აღდგომა ქრისტესი · 2026 წელი

ეკუმენიზმი
სასულიერო განდგომილება

ეკუმენიზმი — მართლმადიდებლობისაგან განდგომილება

მღვდელმონაზონი საბა (იანიჩი) · საღვთისმეტყველო გამოძიება

დღეს მსოფლიოში არც ისე ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც მტკიცედ სწამთ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სახე ღმერთკაც ქრისტესი და მთელი სიმდიდრე მისი სწავლებისა, რომელიც გადმოცემულია საღმრთო წერილში მოციქულებისა და მათი მიმდევრების მიერ.

„სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ: ადამისა, იუდასი და პაპის" — ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

მხოლოდ ჩვენს ერთ წმინდა, კათოლიკე ეკლესიას აქვს უფლება იწოდებოდეს მართლმადიდებელად, იმდენად, რამდენადაც იგია „ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ" (1. ტიმ. 3,15) „და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ.16,18).

სწორედ მასზე ბრძანა უფალმა: „...აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათ.28,20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეჭველია, რომ ჭეშმარიტი და ერთადერთი ეკლესია, რომელიც უფალმა დააფუძნა, ის 5 ეკლესიაა, რომელიც სათუთად ინახავს ქრისტეს ჭეშმარიტებას.

ქრისტეს ეკლესიის მშფოთვარე ისტორიაში არაერთგზის ყოფილა მცდელობა, სახარების სიტყვა ცოდვაში ჩაძირული ადამიანის ჭკუაზე მოერგოთ, სახარება ახლებურად განემარტათ. მაგრამ ეკლესიამ შეძლო შეენარჩუნებინა ამ სოფლის სულით წაუბილწავი მთელი სიმდიდრე.

ტრადიციონალიზმი, რაც დღესდღეობით სულ უფრო და უფრო უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია მართლმადიდებელი ეკლესიისა. უფალმა მოგვცა თავისი ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ, ამ ჭეშმარიტების შესაბამისად ვიცხოვროთ და აქტიურად შევიმეცნოთ იგი.

არ უნდა მივყვეთ მეცნიერულ-საღვთისმეტყველო აღმოჩენების გზას, რადგანაც აბსტრაქტული ჭეშმარიტება არ არსებობს. მხოლოდ უფალია ერთადერთი „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე". ამასთან ერთად, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვაზიაროთ ადამიანები მართლმადიდებლობის სისავსეს, და არა სარწმუნოება მოვარგოთ ადამიანებს.

ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ცათა სასუფეველი მიწაზე კი არ გადმოვიტანოთ, არამედ ადამიანები ავამაღლოთ ცათა სასუფევლამდე, გარდავქმნათ ისინი, რომ გარდაქმნილნი ქრისტეს თანაზიარნი გახდნენ.

მეორე მხრივ, არსებობს ბევრი არამართლმადიდებელი „ქრისტიან"-ერეტიკოსი, რომელიც ეკლესიის გარეთ იმყოფება და უღირს ადამიანთა საზოგადოებას ქმნის (συστηματα πονηρευομενων [1]) რადგან „როგორ შეიძლება ეკლესიის წევრი იყოს ის, ვინც უარყო მოციქულებრივი სარწმუნოება, შექმნა ახალი მავნე შრომები, ვინც დაივიწყა საღმრთო წერილის ღვთაებრივი სიტყვები, ხოლო ადამიანური მცდარი ბრძნობა ახალ სიბრძნედ გამოაცხადა" [2].

ამგვარად, ვინც ღვთის მიერ ბოძებულ სარწმუნოებას განუდგა, არ შეიძლება ქრისტიანად იწოდებოდეს [3].

სამწუხაროდ, დღევანდელ ბობოქარ დროს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ეკლესიას წმინდა მამების, მოწამეებისა და აღმსარებლებისაგან განსხვავებულად აღიქვამენ.

ეს თანამედროვე, მართლმადიდებლობისაგან განდგომილი ადამიანები, ახალი ერესის — ეკუმენიზმის პროტაგონისტები [4] — აქტიურად მუშაობენ ე.წ. „ახალი ქრისტიანობის" შექმნაზე, რომლის საშუალებითაც კაცთა მოდგმის მტერი ცდილობს თავისი ცრუ ეკლესია (ანტიეკლესია) დააარსოს და მისი შემწეობით ანტიქრისტეს მოსვლა მოამზადოს.

„ეკუმენიზმი ეს არის საერთო სახელწოდება დასავლეთ ევროპის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიისა. მასში მთელი ევროპული ჰუმანიზმია თავმოყრილი პაპიზმის მეთაურობით. მაგრამ ეს ყველაფერი ფსევდოქრისტიანობაა, ყველა ეს ფსევდოეკლესიები სხვა არაფერია, თუ არა მწვალებლობათა მწვალებლობა. ამ ყველაფერს აქვს სახარებისეული სახელწოდება — ცრუმოძღვრება" — არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი · „მართლმადიდებლური ეკლესია და ეკუმენიზმი", სალონიკი, 1974

ამ ადამიანთა მიზანია ეკლესია ჩვენი დროის სულთან შესაბამისობაში მოიყვანოს. მათ რცხვენიათ, ღიად დაამოწმონ მართლმადიდებლური აღმსარებლობა „მოწინავე" და „თავისუფალი" დასავლური საზოგადოების წინაშე. ისინი სხვადასხვა ჯურის ერეტიკოსებთან ერთად ცრუ თავმდაბლობით გმობენ ეკლესიას. აღიარებენ, რომ თითქოს ჯოჯოხეთის ბჭეებმა უკვე გაიმარჯვეს ეკლესიაზე [5], რომ ის დანაწევრებულია და ჩვენ „ყველამ უნდა შევინანოთ და თავიდან შევრიგდეთ".

ამ ახალი მასწავლებლების აზრით, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ მოვიპოვებთ ერთიან, განუყოფელ და ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას. არც თუ შორეულ წარსულში ეს ადამიანები ერეტიკოსებთან დიალოგს იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს მათთვის მართლმადიდებლური ჭეშმარიტების განმარტება სურდათ. ახლა კი ისინი თავად ღალატობენ მართლმადიდებლობას და ღორებს მარგალიტებს უყრიან.

და მაინც, ჩვენ ვიცით, რომ ეს ბნელი მიზნები არასდროს არ განხორციელდება, რადგან ქრისტეს ეკლესიის განადგურება შეუძლებელია. ის, უბიწო, შეუბღალავი და უღალატო, ამ სოფლის აღსასრულამდე ელის თავის სიძეს — ქრისტეს. საკითხავია მხოლოდ ის, თუ რამდენი ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია და რამდენი ჰპოვებს ამ ეკლესიაში ცხონებას.
სქოლიო
  1. წმ. კირილე იერუსალიმელი. ტ 33, 1048 A. აქ და შემდგომ, თუ საგანგებოდ არ არის აღნიშნული, შენიშვნა ავტორისეულია.
  2. წმ. ათანასე დიდი, ტ 27. 152 C.
  3. იგივე წმინდა მამა ბრძანებს: „ჩვენ ვიცავთ სარწმუნოებას კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა, რომელიც უფალმა მოგვცა, მოციქულებმა იქადაგეს, წმინდა მამებმა დაიცვეს. მასზეა დაფუძნებული ეკლესია და ის, ვინც მას განუდგება, ქრისტიანი არ არის და არ შეიძლება ქრისტიანი ერქვას." (სერაპიონის მიმართ; 1, 28, ტ. 26, 593 C-596 A).
  4. არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი, „მართლმადიდებლური ეკლესია და ეკუმენიზმი", სალონიკი, 1974.
  5. ჯორდანვილის მთავარეპისკოპოსი ამბერკი ბრძანებს: „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან ეკლესიას". თუმცა ისინი მოერივნენ და უეჭველად ძალუძთ მოერიონ იმ ბევრ ადამიანს, რომელთაც საკუთარი თავი ეკლესიის ბურჯებად მიაჩნიათ. ეს ნათლად ცხადჰყო ეკლესიის ისტორიამ.

პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება

მეუფე შიო · თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარი
📍 თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი · 24 მაისი, 2026

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს — პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას.

ამ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ, მას მერე, რაც უკანასკნელად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ლოცვით მიმართა ზეციერ მამას. ეს სრულიად განსაკუთრებული ლოცვაა თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებითა და საღვთისმეტყველო აზრით.

ამ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე განმარტავს, თუ რა არის მარადიული ცხოვრება, რაში მდგომარეობს ის. იგი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობა.

„მარადიული სიცოცხლე კი ეს არის, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც გამოგზავნე, იესო ქრისტე" — ინ. 17,3

ამ სიტყვებიდან ვიგებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ გწამდეს ერთი ღმერთი, როგორც ამბობენ ზოგიერთები, რომ ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს თითქოს, რომელ რელიგიას ეკუთვნის ადამიანი, ეს ხომ ყველაფერი ერთი ღმერთისგან მოდისო.

მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ ერთი ღმერთი გწამდეს, არამედ ასევე აუცილებელია, გწამდეს მის მიერ მოვლენილი მხოლოდშობილი ძე ღმერთი — იესო ქრისტე. თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ თავის თავს ერთი ღმერთის მორწმუნედ, მაგრამ ბოროტებასაც ჩადიან, მკვლელობებსაც ჩადიან, ტერაქტებსაც ჩადიან და თან გაიძახიან ღმერთის დიდებას. ამავე დროს, სძულთ ღვთისგან, ერთი ღმერთისგან კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის მოვლენილი მხოლოდშობილი ძე და მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ე.ი. აუცილებელია ასევე, გვწამდეს იესო ქრისტე, როგორც ძე ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. ამ ლოცვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს.

პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები

ჩვენ დღეს ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს და გამოთქვეს ეს ჭეშმარიტება ძე ღმერთის, იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის გახლავთ განკაცებული ძე ღმერთი; ის არ არის ღვთის ქმნილება, როგორც ჩვენ; ის არ არის ერთ-ერთი მორიგი წინასწარმეტყველი, თუ გნებავთ, ან მხოლოდ ზნეობის მოძღვარი, არამედ ის არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, თანასწორი მამისა, ერთარსი მამისა და, ამავე დროს, ჩვენი თანასწორი ადამიანური, კაცობრივი ბუნებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, მას შემდეგ დიდი კრძალვით და სათუთად ვინახავთ ამ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ამ სარწმუნოების შენახვისთვის და დღემდე მოვიდა ეს მაცხონებელი სარწმუნოება. ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვიწოდა თავის ეკლესიაში, რათა ვისაზრდოოთ მარადიული ცხოვრების წყაროსგან.

ქრისტეს მორწმუნეთა ერთობა

აქ უფალი იესო ქრისტე ასევე ლოცულობს მოციქულებისთვის და, ზოგადად, ყველა მორწმუნისთვის, ანუ ჩვენთვის, ყველა დროის ქრისტიანისთვის, როცა ამბობს:

„რათა ესენიც ჩვენსავით ერთ იყვნენ" — ინ. 17,11

ქრისტეს მორწმუნეების ეს ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც, რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან.

ქრისტეს სისხლსა და ხორცს როცა ვეზიარებით, ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან, შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია, რომლის თავიც ვინ არის? — თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ. 1, 18).

უფალმა გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ეს ერთობა. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. გვმართებს, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყეს ეს ერთობა, არ დაირღვეს, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ. და თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც გვეძლევა ღმერთის ეკლესიაში, იესო ქრისტეს ეკლესიაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. დღეს როდესაც ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, მათთან ერთად — მოციქულთასწორ, ქართველთა განმანათლებელ ქალწულ ნინოს, მეფე მირიანს და დედოფალ ნანას, ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, განმტკიცებაში.

ჩვენთან არს ღმერთი!

სულთმოფენობის დღესასწაული

ყოვლადწმინდა სამების დღესასწაული · 2026 წელი

სულთმოფენობა · თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარი
📍 თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი · 2026 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო! გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული.

დღეს ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რაზეც არაერთხელ უსაუბრია უფალ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან:

„უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე; და თუ წავალ, მოგივლენთ თქვენ სულიწმინდას" — ინ. 16,7

უკანასკნელად უშუალოდ თავის ზეცად ამაღლების წინ ესაუბრა ამაზე უფალი იესო ქრისტე, აღუთქვა სულიწმინდის მოვლინება; ჯერ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ სულიწმინდის მიღებას და უთხრა:

„იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდით მოინათლებით, მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელ იუდეაში და ქვეყნის კიდემდე" — საქმ. 1,5–8

ეს დანაპირები უფალმა შეასრულა ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, როდესაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და ეს უბრალო გალილეველი მეთევზეები მთელ იმჟამინდელ მსოფლიოში ქრისტეს სახარების უშიშარ მქადაგებლებად აქცია.

დღეს გახლავთ ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე. მას უწოდებენ „ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღესაც". ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ქრისტეს ეკლესია არ არის მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული, არამედ ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. ჩვენ ვცხონდებით, სულს გადავირჩენთ ამ ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით, რომელიც გვაკურთხებს, განგვწმენდს და გვაცხონებს.

სად ვიღებთ სულიწმინდის მადლს?

სად ვიღებთ სულიწმინდის ამ მადლს? — საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში, ერთობლივ ლოცვებში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მღვდელმთავრისა თუ მღვდლის ლოცვა-კურთხევის მეშვეობით.

მრავალი წმინდა მამა წერს, რომ მთავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, მით უმეტეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა.

წმინდა მოციქულები როცა სთხოვდნენ, ლოცვა ესწავლებინა, უფალმა „მამაო ჩვენოს" ლოცვა ასწავლა მათ. შემდეგ, როგორც კი დაასრულა სწავლება, უთხრა მათ:

„ითხოვდით და მოგეცემათ, ირეკდეთ და გაგიღებენ, ეძიეთ და ჰპოვებთ; რადგან ყველა, ვინც ითხოვს, მიიღებს, ყველა, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკს, ყველას გაუღებენ" — მთ. 7,7–8

შემდეგ დასძენს: „რომელი იქნება თქვენ შორის ისეთი მამა, რომ შვილი სთხოვსო პურს და პურის ნაცვლად ქვა მისცეს? ან სთხოვს შვილი თევზს და თევზის ნაცვლად გველს მისცემს? და მეტადრე მამა თქვენი ზეციერი მოგცემთ თქვენ სულიწმინდას, ვინც ამას სთხოვს" (მთ. 7, 9–11). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის ნებაა, ჩვენ სულიწმინდის მადლი ვითხოვოთ უფლისგან.

ლოცვა სულიწმინდისადმი

აი, სწორედ ამიტომ არის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სულიწმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით:

„მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენნი. ამინ."

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! გილოცავთ ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს! დღეს შეუძლებელია, არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც მთელ ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი „საქართველოს ავტოპორტრეტს" უწოდებდა — სამართლიანად უწოდებდა ასე — და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიღვაწა, სულიწმინდის ისეთი მადლით აღივსო, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბისაა.

ეს გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში, რომ თითქმის მთელი საქართველო, მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მოსული იყო მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა, შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე, გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში.

მადლი სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი · 2026 წელი